მამუკა ონაშვილის მხიარული ამბები და ტკივილი, რომელიც თავისი წასვლით დატოვა მომღერლის დის მოგონებები ძმაზე „სარკეში“

10 hours ago 2

მამუკა ონაშვილის მხიარული ამბები და ტკივილი, რომელიც თავისი წასვლით დატოვა„სარკე“, ლიკა ოსაძე

მომღერალ მამუკა ონაშვილის და, მაიკო ონაშვილი, „სარკესთან“ ორად გაყოფილ ცხოვრებაზე ყვება _ როცა ძმა ედგა გვერდით დიდი კეთილი გულით და როცა ის დაკარგა. 2022 წლის პირველი აგვისტოდან მისთვის სხვა, ტკივილით სავსე ცხოვრება დაიწყო. მამუკა ონაშვილი 55 წლის ასაკში მძიმე ავარიას ემსხვერპლა. მას შემდეგ მომღერლის უფროსი დისთვის ყოველი დღე მონატრებითაა სავსე, ყოველი მნიშვნელოვანი თარიღი კი დანაკარგის მტკივნეული შეხსენებაა.

_ ქალბატონო მაიკო, თქვენ და მამუკას არაჩვეულებრივი დაძმობა გქონდათ. ასეთი ურთიერთობა კი, როგორც წესი, ოჯახიდან მოდის, სადაც ბავშვები სიყვარულს და სითბოს სწავლობენ. მოგვიყევით თქვენი ბავშვობის ხანაზე.

_ ჩემი და მამუკას ურთიერთობა ბავშვობიდანვე არაჩვეულებრივი იყო. მასზე 3 წლით უფროსი ვარ. ჩვენ სულ ერთად ვიყავით. მამაჩემიც და დედაჩემიც დედისერთები იყვნენ, ამიტომ არც დეიდაშვილი გვყავდა, არც მამიდაშვილი და არც ბიძაშვილი. ჩვენს მშობლებს და ჩვენს ბებია-პაპას მხოლოდ ჩვენ ვყავდით. მთელი სიყვარული და სითბო მთლიანად ჩვენ მოგვცეს. სითბოსა და სიყვარულში გავიზარდეთ. ჩვენს ოჯახში სიმკაცრე არ არსებობდა. არ ვიცოდი, დასჯა რა იყო. მშობლებს არასდროს დავუსჯივართ არც მე და არც მამუკა.

მამუკა ჩემ მიმართ ბავშვობიდანვე ძალიან შეყვარებული ძმა იყო. ერთი კანფეტი რომ ჰქონოდა, იმასაც მე მომცემდა. ასეთი ურთიერთობა და ასეთი სიყვარული ბოლომდე გამოგვყვა. მისი გრძნობა ჩემ მიმართ ხანდახან ეგოისტურ სიყვარულშიც კი გადადიოდა. სულ ჩემი სახელი ეკერა პირზე. ერთხელ ვუთხარი, თავი დამანებე, სახელი უნდა გადავირქვა-მეთქი.

_ ალბათ მოფერებით მეტსახელებსაც გეძახდათ.

_ კი, უამრავ სახელს. ხუმრობით კუკურისაც კი მეძახდა. მეც, მამუკასაც და მთელ ჩვენს ოჯახს ცხოველები ძალიან გვიყვარს. მამუკა ცხოველებზე გიჟდებოდა.  პანდემია რომ იყო, აგარაკზე ბევრი უპატრონო ცხოველი შევიფარეთ.

ერთ ამბავს მოგიყვებით: მამუკას ორმოცი არ იყო გასული, სახლში ვიყავით და დედას ვუთხარი, ახლა პატარა კნუტი რომ გვყავდეს, გულს გადავაყოლებდით-მეთქი. თუ დამიჯერებთ, ზუსტად 10 წუთში ჩვენი სახლის ღია ფანჯრიდან შემომესმა კნუტის ტირილი. გავიხედე და დავინახე მიტოვებული კნუტი, რომელიც საცოდავად კნაოდა. სახლში შემოვიყვანე და კუკური დავარქვი. დარწმუნებული ვარ, ეს არის მამუკას გამოგზავნიილი კნუტი, რომელსაც ჰქვია კუკური…

სულ ვხუმრობდით. დილით მოვიდუღებდით ყავას, დავსხდებოდით და ვსაუბრობდით. ძალიან მაკლია…

_ როგორი ბავშვი იყო, რა გატაცებები ჰქონდა?

_ უპრობლემო ბავშვი იყო. იმდენი ჰობი ჰქონდა, რომ ვერ ჩამოვთვლი.  ბავშვობიდან ხატავდა. გატაცებული იყო ფოტოგრაფიით. ფოტოაპარატი იყიდა და უამრავ ფოტოს იღებდა. მიამიტი, ბუნჩულა ბავშვი იყო. სულ ვეუბნებოდი, შენ ბავშვობიდან ვერ გამოხვედი, ისევ იქ ხარ ჩარჩენილი-მეთქი. ყველაზე კარგად მე ვიცნობდი და შემიძლია ვთქვა, რომ დიდი ბავშვი იყო _ მოსიყვარულე, ტკბილი, თავმდაბალი. ნებისმიერ ადამიანთან შეეძლო დამჯდარიყო, ესაუბრა, ჭიქა აეწია. იმიტომ დაიტირა მთელმა საქართველომ.

_ თქვენ მამის მხრიდან და გყავთ. როგორ გადაიტანეთ ბავშვებმა ოჯახიდან მამის წასვლა?

_ კი, და მყავს _ მარიკა. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის, ბავშვებისთვის, არასასიამოვნო, მძიმე გადასატანი იყო. მამა რომ წავიდა, მე 13 წლის ვიყავი, მამუკა _ 10 წლის. ბავშვობაში მამა სულ გვაკლდა. გვქონდა ურთიერთობა, მაგრამ ბავშვობაში ძალიან განვიცადეთ.

_ დასთან გაქვთ ურთიერთობა?

_ კი, გვქონდა. ის კი არა, დედას და მამაჩემის მეორე მეუღლესაც ცივილური ურთიერთობა ჰქონდათ. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და ეს რეალურად უნდა მივიღოთ ყოველგვარი ტრაგიზმის გარეშე.  სიკვდილის გარდა ყველაფერს ეშველება, ყველაფერი გამოსწორდება.

_ რომ გაიზარდეთ და თაყვანისმცემლები გყავდათ, მამუკა ხომ არ ეჭვიანობდა?

_ როგორ არა! ბავშვივით სულ უკან დამდევდა. მე ვეჩხუბებოდი, თავი დამანებე, უკან ნუ დამყვები-მეთქი, მაგრამ არ ესმოდა. თავადაც მეგობრობდა ჩემს შეყვარებულთან, მერე კი _ ჩემს მეუღლესთან. როგორც კი დაინახავდა, რომ ჩემს შეყვარებულს მეტ ყურადღებას ვაქცევდი, ეჭვიანობდა.

ორ ცეცხლშუა ვიდექი. ჩემი შეყვარებული მამუკაზე ეჭვიანობდა, ძმას ჩემზე მეტ ყურადღებას უთმობ, ის უფრო გიყვარსო და მამუკა მასზე ეჭვიანობდა, მას უფრო მეტ ყურადღებას აქცევო. შეყვარებულს სულ ვეუბნებოდი, ძმა ერთია-მეთქი. მართლაც ასეა. დედმამიშვილის ფასი არაფერია.

_ მამათქვენი ლეგენდარული ანსამბლ „რეროს“ სოლისტი იყო. მამუკა რომ პროფესიულ სცენას ეზიარა, ამაში მამის ხელი ერია?

_ მამუკამ თავისით მიაღწია ყველაფერს. სანამ ჯარში წავიდოდა, მღეროდა. იქიდან რომ დაბრუნდა, უკვე პროფესიონალურად მიუდგა ამ საქმეს. იმდენად დიდი სურვილი ჰქონდა, მომღერალი გამოსულიყო, მთელი ენერგია, შრომა ჩადო ამაში.

არ ვიცი, რატომ, მაგრამ მამა ყოველთვის წინააღმდეგი იყო, მამუკა დიდ  სცენაზე გასულიყო. არ უნდოდა, მომღერალი ყოფილიყო. იმდენად არ უნდოდა, რომ პოლიციის აკადემიაში ძალით ჩააბარებინა, მაგრამ მამუკამ არ დაუჯერა და გამოიქცა. გამოცდის დღეს პოლიციის აკადემიაში ერთი კარიდან შევიდა და მეორე კარიდან გამოვიდა. მამას კი ეგონა, რომ გამოცდაზე იყო. რამდენიმე ხანი ამუშავა პოლიციაში, მაგრამ მამუკა წამოვიდა. რომელი კაცის დამჭერი მე ვარ, პოლიციაში რომ ვიმუშაოო, ამბობდა. ცხოვრებაში არავისთვის უწყენინებია და ვის დაიჭერდა? მამაჩემის მეგობრების ხელშეწყობით დაიწყო სიმღერა.

_ რატომ უნდოდა ბატონ გენოს, რომ პოლიციაში ემუშავა მის შვილს?

_ ალბათ უნდოდა, უფრო სერიოზული საქმისთვის მოეკიდა ხელი, სხვა პროფესია ჰქონოდა. ბოლოს მამაც შეეშვა.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მამუკამ მამის ყოველგვარი დახმარების გარეშე გაიკვალა გზა. მისთვის ხელი არაფერში შეუწყვია. მამუკამ თავისი ნიჭით, სითბოთი, სიყვარულით მიაღწია თავის მიზანს. ჩემი ძმა იმდენად სუფთა ადამიანი იყო, რომ ცუდს არავისზე იტყოდა. თავისი კოლეგა არასდროს გაუჭორავს. როგორი ნაწყენიც უნდა ყოფილიყო, იმ ადამიანზე ცუდს არ იტყოდა.

_ როგორი იყო ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან, როცა იკრიბებოდით?

_ სასწაული ადამიანი იყო. მასთან ჯდომა და დროსტარება, ქეიფი არაჩვეულებრივი ამბავი გახლდათ. მეგობრები იხსენებენ ხოლმე, მუცელი ხელით გვეჭირაო. უამრავ რამეს იხსენებდა, უამრავი რამეს ყვებოდა.

ოჯახის წევრებთან დიდი ბუნჩულა ბავშვი იყო, მაგრამ მოძრაობა არ უყვარდა. ოღონდ არ განძრეულიყო. მაცივარი გვერდით რომ ჰქონოდა, მე უნდა გამომეღო კარი და მიმეწოდებინა, რაც უნდოდა. მთელი ოჯახი აწყობილები ვიყავით მამუკაზე. ის იყო ჩვენი დღე და ღამე.

_ როდესაც ბიძა გახდა, როგორ შეხვდა ამ სტატუსს?

_ 18 წლის ვიყავი, უფროს ქალიშვილზე, თეონაზე, ფეხმძიმედ რომ ვიყავი.  მაშინ მამუკა 15 წლის იყო. გაგიჟებული იყო, ბიძა რომ გახდა. თეონა ახლა ამერკიაში ცხოვრობს. მამუკას სიგიჟემდე უყვრდა. რაღაც არანორმალური სიყვარული ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ. მამუკა ჩემი შვილებისთვის მეორე მამა იყო.

_ თქვენი მეორე ქალიშვილი, ანა, კარგად მღერის. როგორ აფასებდა ბიძა მის   მონაცემებს?

_ არასდროს აქებდა და ამის გამო ვბრაზობდი. მამუკა მეუბნებოდა, შექება არ უნდა, კარგი იყოო. ანას და მამუკას ძალიან უნდოდათ, სიმღერა ჩაეწერათ ერთად.

_ მამუკას ბედნიერი ქორწინება ჰქონდა, მაგრამ ოჯახი დაენგრა. ეს რატომ მოხდა?

_ 14 წელი ერთად იყვნენ ის და მისი მეუღლე, ირინე ჩიხლაძე, მაგრამ ბოლოს გაშორდნენ. გაშორება ისეთი საკითხია, რომ ვერ ვისაუბრებ. მხოლოდ ერთს ვიტყვი, მამუკას მეუღლე ძალიან უყვარდა, გაშორებას ძალიან განიცდიდა.

_ ვიცი, ეს თქვენთვის მძიმე გასახსენებელია, ამიტომ წინასწარ გიხდით ბოდიშს. იმ ავბედით დღეს როგორ შეიტყვეთ ეს თავზარდამცემი ამბავი?

_ იმ დღეს ვიყავი აგარაკზე, რომელზეც მეც და მამუკას მზე და მთვარე ამოგვდიოდა და სადაც სიბერეში ვაპირებდით ცხოვრებას. მამუკა შაყირობდა,  სიბერეში აქ გადმოვალთო. ღამით მოხდა ის უბედურება, მე დილით გავიგე.

დღის პირველი საათი იქნებოდა, როცა აგარაკზე მისმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ კართან იყო მოსული. გავედი და გაკვირვებულმა ვკითხე, აქ რა გინდა-მეთქი. მაშინვე გულში რაღაცამ ავად გამკრა, მაგრამ რას წარმოვიდგენდი ასეთ უბედურებას! მითხრა, არ ინერვიულო, მამუკა ავარიაში მოყვა, მაგრამ ცოცხალიაო. მანუგეშა, რომ გადარჩებოდა, მაგრამ საავადმყოფოში რომ მივედი, მივხვდი, ცუდი მდგომარეობა იყო. ეტყობა, იმ პერიოდში სიკვდილს ებრძოდა. დილით კი, პირველ  აგვისტოს, გარდაიცვალა.

_ როგორ მოხდა ის ავარია?

_ რესტორნიდან 30 მეტრში მოხდა ავარია. მამუკა ნასვამი იყო და თავის მეგობარს, მიშას, სთხოვა, საჭესთან დაჯდარიყო. ის ვიღაც მთვრალი და აწყვეტილი მოდიოდა. ის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც მერე გავიგეთ, ჩამორთმეული ჰქონდა მართვის მოწმობა. რამდენჯერმე სწორედ ასეთი შემთხვევების გამო იყო დაჭერილი, მაგრამ, სამწუხაროდ, იმავეს აგრძელებდა. მამუკა საავადმყოფოში რომ მიიყვანეს, გონზე იყო, ლაპარაკობდა კიდეც, მიშა კი უგონოდ იყო. ისეთი დამტვრეული იყო, ექიმებმა ხელმეორედ ააწყვეს. ისეთი მოწესრიგებული ადამიანია, რომ სხვისი მანქანის საჭესთან არასდროს ჯდებოდა, მხოლოდ იმ საბედისწერო დღეს აღმოჩნდა ასე.

მიშას სიგიჟემდე უყვარდა მამუკა. არ არსებობს კვირადღე, არ დამირეკოს, მამუკას საფლავზე წავიდეთო. მამუკა მისი შვილის ნათლია იყო… ჩემი ძმისთვის ეს იყო საბედისწერო დღე. ადამიანები ამქვეყნიდან გავდივართ იმ დღეს, როცა გასვლა გვიწერია. იცით, რითი ვიმშვიდებ თავს? როცა ამქვეყნიდან გავალ, მამუკა იქ დამხვდება და იქ ვნახავ. 55 წლის იყო…

_ თქვენმა შვილებმა როგორ გადაიტანეს ბიძის დაკარგვა?

_ დარდისგან დაიხოცნენ. თეონასთვის ეს ისეთი დარტყმა იყო, რომ დღესაც წამლებს სვამს. ანა აქ იყო და უფრო მძიმედ გადაიტანა. ორივეს სტრესი აქვს.

_ წლები გავიდა, ტკივილი არ განელდა, მაგრამ ცხოვრება თავისას მოითხოვს.  მამუკას გარეშე როგორ აგრძელებთ ცხოვრებას?

_ ეს არის მძიმე ტანჯვა. როცა გასტროლებზე დიდი ხნით მიდიოდა, მე მივყვებოდი. დღესაც ვფიქრობ, რომ სადღაც არის და დაბრუნდება. სულ ბრძოლაში ვარ. როცა მისი დაბადების ან გარდაცვალების დღეა, უფრო ვმძიმდები. როცა რამე დღესასწაული მოდის, მაშინაც უფრო მიჭირს. ერთი სული მაქვს, ის დღე მალე გადაგორდეს, რომ ცოტა ამოვისუნთქო. ეს არის ტანჯვაში ცხოვრება. დრო ამას არ კურნავს.

სრულად წაკითხვა