„ჩემ წინ იდგა უცხო ქალი, სახეზე კი მთელი 10 წლის ტანჯვა ეწერა“ – ლანა ღოღობერიძის მოგონებები „სარკეში“

9 hours ago 2

„ჩემ წინ იდგა უცხო ქალი, სახეზე კი მთელი 10 წლის ტანჯვა ეწერა“ - ლანა ღოღობერიძის მოგონებები „სარკეში“„სარკე“, თეონა კენჭიაშვილი

ცნობილი კინორეჟისორის, ლანა ღოღობერიძის, ცხოვრების მთავარი გმირი მისი დედა, ნუცა ღოღობერიძე იყო _ პირველი ქართველი კინორეჟისორი ქალი დრამატული ბედისწერით.

ნუცა ღოღობერიძე 25 წლის იყო, როცა კინოეკრანზე მისი ფილმი „მათი სამეფო” გამოჩნდა. ის საინგილოდან გახლდათ. უმაღლესი განათლება გერმანიაში მიიღო ფილოსოფიის განხრით, საბოლოოდ კი კინო არჩია. მხოლოდ სამი ნამუშევარი შექმნა, მეტის გადაღება საბჭოთა ხელისუფლებამ არ დააცადა.

ქმრის, საბჭოთა პარტმუშაკის, ლევან ღოღობერიძის, დახვრეტის შემდეგ დააპატიმრეს. 10 წელი გადასახლებაში გაატარა. იქიდან დაბრუნებულმა ერთადერთ ქალიშვილთან, ლანა ღოღობერიძესთან ერთად ახალი ცხოვრება დაიწყო, ოღონდ კინოს გარეშე. უმძიმესმა წლებმა მას მოთხრობების წერა დააწყებინა.

ნუცა ღოღობერიძე 62 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობით გარდაიცვალა. სიკვდილის წინ ქალიშვილს ბოლო სიტყვები უთხრა: „ნუ დარდობ, ჩემო კარგო. ეს ისეთი კანონზომიერია. მთავარია, რომ მე ასეთი მშვენიერი ბოლო წლები გავატარე შენთან ერთად”.

ლანა ღოღობერიძე „სარკესთან”  დედაშვილობაზე ყვება.

მძიმე გზის დასაწყისი

დედაჩემს რვა დედმამიშვილი ჰყავდა _ 5 და და 3 ძმა. ნუცა 6 წლის იყო, როცა მამამისმა შვილები თბილისში წამოიყვანა და სხვადასხვა სასწავლებლებში შეიყვანა.

ბათლომემ ოჯახი საინგილოდან თბილისში ურმების ქარავნით წამოიყვანა. გზაზე დროდადრო შვილებს დახედავდა. ერთ-ერთი შემოწმებისას ბოლო ურემი ცარიელი დაუხვდა. გზას გაუყვა და ერთ უკაცრიელ ადგილზე პატარა ხალიჩაში გახვეული ნუცა იპოვა. თურმე ურმიდან ჩამოცურდა და მიწაზე მშვიდად ეძინა. ამქვეყნიდან ასე ადრე წასვლა არ ეწერა, მას ტრაგიკული თავგადასავლები ელოდა წინ. ეს იყო პირველი თავგადასავალი და შემდეგ უკვე ცხოვრებაში მრავალი ჰქონდა.

თბილისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ თბილისის უნივერსიტეტში ფილოსოფიურ ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა. მერე გერმანიაში იენის უნივერისტეტი დაამთავრა ასევე ფილოსოფიის განხრით. ბათლომემ იზრუნა, რომ მის ექვსივე ქალიშვილს უმაღლესი განათლება საზღვარგარეთ ან თბილისში მიეღო. ბაბუაჩემი მთელი სიცოცხლე იბრძოდა იმისთვის, რომ გოგო ოჯახში ისეთივე შვილად ჩაეთვალათ, როგორიც ბიჭი იყო, ქალისთვის სუფრასთან ჯდომის, აზრის გამოთქმისა და განათლების უფლება მიეცათ.

დედაჩემის უფროსი ძმა, რაჟდენი, გერმანიაში სწავლობდა. ცნობილი ფიზიკოსიც იყო, მაგრამ 1941 წელს დააპატიმრეს და ციხეში გარდაიცვალა. დედაჩემის ერთ-ერთი და, რომელიც მენშევიკური მოძრაობის წევრი იყო, ციმბირში გადაასახლეს, სადაც 24 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გადასაღებ მოედანზე

დედა საბოლოოდ კინორეჟისორი გახდა. ის პირველი რეჟისორი ქალი გახლდათ ჩვენს ქვეყანაში, ხოლო საბჭოთა კავშირში _ მხატვრული ფილმის პირველი რეჟისორი ქალი. თანაც მაშინ მხოლოდ 25 წლის იყო.

პირველი ფილმი „მათი სამეფო” დიდ რეჟისორ მიხეილ კალატოზიშვილთან ერთად გადაიღო. მეორე ფილმი იყო „ბუბა”, რომელიც რაჭისა და რაჭველების ცხოვრებას მიეძღვნა. ფილმის მხატვარი დავით კაკაბაძე გახლავთ. გადაღებები მამისონის უღელტეხილზე მიმდინარეობდა, მძიმე პირობებში უწევდათ მუშაობა. მაშინდელ პრესაში წერია, რომ ექსპედიცია ქარბუქში მოხვდა, რის გამოც შვიდი დღის განმავლობაში მიწის გომურში იყვნენ გამომწყვდეულები 2840 მეტრის სიმაღლეზე.

ნუცასთვის ბოლო ფილმი აღმოჩნდა „უჟმური”, რომელიც 1933 წელს გადაიღო, ეკრანზე კი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გამოვიდა.

შეხვედრა სიყვარულთან

_ დედამ და მამამ ერთმანეთი ბიძაჩემის, რაჟდენ ხუციშვილის, ოჯახში გაიცნეს. მამა რაჟდენის ცოლისძმა იყო. რაჟდენი ნუცას და ლევანის ურთიერთობის წინააღმდეგი წავიდა. ის ვერაფერს ეგუებოდა, რაც ბოლშევიზმთან იყო დაკავშირებული, მაგრამ დედამ და მამამ მაინც იქორწინეს. საბოლოოდ რაჟდენი თავის ცოლს, ლიზასაც, დაშორდა, რადგან ორ ოჯახს შორის ურთიერთობები დაიძაბა.

ჩემი მშობლების სიყვარულისთვის ამ დაძაბულობას არაფერი დაუკლია. იყო ისეთი საკითხები, რაშიც ნუცა მეუღლეს არ ეთანხმებოდა, მაგრამ პოლიტიკაში არასდროს ჩარეულა. თავის საქმეს აკეთებდა, კინოთი ცხოვრობდა.

ერთხელ დედამ ასეთი რამ მითხრა: „როცა მე შევხვდი, ლევანი ჯერ სულ ახალგაზრდა, ძალიან ლამაზი ბიჭი იყო, ისეთი ანთებული ხალხის მსახურების იდეით, რომ გარშემო ყველას აჯადოებდა თავისი გზნებით. მაშინ ბევრს არავის ესმოდა, რომ იდეოლოგია, რომელიც ემყარება დიქტატურას, თავის თავში ტერორის იდეასაც მოიცავს”.

ლაღი ბავშვობის დასასრული

სანამ მამას დააპატიმრებდნენ, უდარდელი ბავშვობა მქონდა. ჩვენი სახლი ყოველთვის ხალხით იყო სავსე. ჩვენი ხშირი სტუმარი გახლდათ გერონტი ქიქოძე, რომელიც ჩემი მშობლების უახლოესი მეგობარი იყო. მახსოვს, ზურგზე შევაჯდებოდი ხოლმე. ის ვითომ ცხენად იქცეოდა და ოთახებში დამაჭენებდა. 5 წლის ვიყავი, პაოლო იაშვილისა და ტიციან ტაბიძის ლექსებს ზეპირად რომ ვამბობდი. ისინი ჩვენთან ყოველდღე მოდიოდნენ და უხაროდათ, როცა დავდგებოდი და მათი ლექსების კითხვას ვიწყებდი.

დარბეული ოჯახი

ეს ოჯახური იდილია 1937 წელს მამის დაპატიმრებით დასრულდა. ის დაიჭირეს იმის გამო, რომ ლავრენტი ბერიას მოწინააღმდეგეთა ბანაკში იყო. ამის შემდეგ ბინიდან გამოგვასახლეს და მაშინდელი ლენინის ქუჩაზე ერთი პატარა, უფანჯრო ოთახი მოგვცეს. ნუცა კინოსტუდიიდანაც გამოაგდეს.

მაშინ გერონტი ქიქოძე დაგვიდგა გვერდით. დიდ რისკზე წავიდა და გამომცემლობასთან თავის სახელზე გააფორმა ხელშეკრულება ფრანგული მოთხრობებისა და ზღაპრების თარგმნაზე. სინამდვილეში კი მოთხრობების თარგმნა დედაჩემს დაავალა. ასე დაიბეჭდა შარლ პეროს ზღაპრები, რომელსაც მთარგმნელად ქიქოძის სახელი ეწერა და არავინ იცოდა, რომ ეს ნუცა ღოღობერიძის თარგმანი იყო.

გერონტი ძიამ პირველი ჰონორარი რომ მოუტანა, დედაჩემი უზომოდ ბედნიერი იყო. ასეთი ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა, მამაჩემი დახვრიტეს და მალე დედაც დააპატიმრეს. მაშინ 8-9 წლის ვიყავი.

დახვრეტამდე მამამ ციხიდან ორი წერილი გამოგზავნა, რომლებიც პაპიროსისთვის ახეულ ქაღალდზე დაეწერა და გასარეცხად გამოგზავნილი ტანსაცმლის სარჩულში ჩაედო. ციხეში ბიოგრაფია მოსთხოვეს. მას უთქვამს, რომ ცოლს გაშორებული იყო. ამით უნდოდა, ნუცა გადაერჩინა. ლევანი ცოლს სწერდა, იფიქრე ლანაზე, შენს თავზე და თქვი, რომ დაშორებულები ვართო. დედა ამით ათწლიან ციხეს და შვილის ობლად დატოვებას აიცილებდა, მაგრამ ეს მორალურად ვერ გააკეთა.

ჯოჯოხეთური „პოტმა”

შეიძლება ითქვას, რომ მამაჩემის ბოლშევიკური მრწამსი სწორედ დედამ მოინანია და ფაქტობრივად საკუთარი ნებით წავიდა ქალთა ცნობილ საკონცენტრაციო ბანაკში „პოტმა”, სადაც ხალხის მტრებად წოდებულთა ცოლები სასამართლოს დადგენილების გარეშე იხდიდნენ სასჯელს. იქ საშინელ პირობებში მოუწია ყოფნა. წლების შემდეგ ციხეში გატარებული წლები თავის მოთხრობებში აღწერა.

ჩემი ბავშვობა მშობლებზე ნატვრაში გავიდა. დედის შესახებ მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ცოცხალი იყო და „პოტმას” ბანაკში იხდიდა სასჯელს. მოგვიანებით წერილების გამოგზავნის უფლება მისცეს, თუმცა ეს ბარათები ათასი ცენზორის მიერ მოწმდებოდა. ხდებოდა მისი გადაკეთება ცივი სიტყვებით და როცა მას ვკითხულობდი, გაუცხოების გრძნობა მეუფლებოდა. ასეთ დღეში იყო უამრავი ბავშვი, რომლებსაც დედის გულიდან ამოგლეჯილ წერილს კი არა, ცენზორის მიერ გადაკეთებულ წერილს უგზავნიდნენ.

რამდენიმე წლის მერე მისცეს ნუცას ამანათის გამოგზავნის უფლება. აი, მაშინ ბედნიერი ვიყავი, რადგან მასში ულამაზესი კაბა იდო, რომელიც დედამ ბანაკში მოქსოვა. კაბა თითქმის არ გამიხდია. ბოლოს რეცხვისგან დაპატარავდა და ზედატანად ვხმარობდი. ის იყო ერთადერთი რამ, რითიც დედაჩემის არსებობას ვგრძნობდი.

ერთხელ ბიძაჩემის დახმარებით დედას ფული გავუგზავნეთ. ბლოკნოტის ყდა სამართებლით გავჭერით, მასში ასმანეთიანები ჩავდეთ და ისევ დავაწებეთ. თან წერილიც დავურთეთ. რუსულად დავწერეთ, მაგრამ შიგნით რუსული ასოებით ერთი სიტყვა ჩავწერეთ: „ყდაშიფულია”. ეს ალბათ ცენზორებს სახელი ეგონათ და ყურადღება არ მიაქციეს. დედამ გვიპასუხა, მასაც რუსულად ეწერა: „ფულიმივიღე”. რადგან ერთხელ გამოგვივიდა, იგივე რამდენჯერმე ვცადეთ. ბანაკიდან დაბრუნების შემდეგ დედამ მითხრა, რომ იმ ფულით შიმშილს გადავარჩინეთ.

დედაშვილობა

ის 10 წელი, რაც დედის გარეშე გავატარე, მძიმედ მახსოვს, მაგრამ უფრო მძიმე ის დღე იყო, როცა ნუცას ციხიდან დაბრუნების დრო მოვიდა. წესით, ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ის დღე ჩემს მეხსიერებაში რაღაც უთავბოლო ფორიაქისა და ტანჯვის დღედ დარჩა.

დედა დილას უნდა ჩამოსულიყო მოსკოვის მატარებლით. წინასწარ შემოთვალა, ლანა სადგურზე არ მოიყვანოთო. სახლში უამრავი ახლობელი გვესტუმრა, მე კი მინდოდა, მარტო დავრჩენილიყავი და ისე დავლოდებოდი.

ახლაც მახსოვს ის ხმა, ჩვენს სახლთან მანქანა რომ გაჩერდა. მინდოდა, აივნიდან გადამეხედა და დედისთვის თვალი შემევლო. უზომოდ მაინტერესებდა, როგორი იყო ამდენი წლის შემდეგ, მაგრამ ადგილიდან ვერ დავიძარი. შემდეგ კედელს ავეკარი, თვალები დავხუჭე და როცა გავახილე, ჩემ წინ დედა იდგა.

ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ ჩემთვის უცხო ქალი იყო _ გამხდარი, სახეზე კი მთელი 10 წლის ტანჯვა ეწერა. ორივე გაუნძრევლად ვუყურებდით ერთმანეთს. ბოლოს დეიდამ მითხრა, ჩაეხუტეო. არასოდეს დამავიწყდება ის ჩახუტება. კარგა ხანი ასე ჩახუტებულები ვიდექით.

დედის ციხიდან დაბრუნებით ჩვენთვის ახალი ცხოვრება დაიწყო. ენათმეცნიერების ინსტიტუტში ლექსიკოლოგიის განყოფილებაში აიყვანეს. არნოლდ ჩიქობავას ინიციატივით განმარტებითი ლექსიკონი შეადგინა. ამ წიგნზე სამ აკადემიკოსთან ერთად იმუშავა.

ფილმების გადაღება აღარ უცდია, წერა დაიწყო. 6 დოკუმენტურ-მხატვრული მოთხრობა დაწერა, მათ შორის „ვალსი პეჩორაზე”, რომლის მიხედვითაც წლების შემდეგ ფილმი გადავიღე.

დამშვიდობება

დედა 62 წლისა გარდაიცვალა. ასაკოვანი არ იყო, მაგრამ იმ ათმა წელმა, რაც ციხეში გაატარა, ნაადრევად დააბერა. ბოლო წლებში მძიმე ავადმყოფი იყო. მის სანახავად უამრავი ადამიანი მოდიოდა. აუტანელ ტკივილს ნემსებით ვუყუჩებდით. როგორ ცუდადაც უნდა ყოფილიყო, ყველას უღიმოდა, თბილად ხვდებოდა.

დედას როცა ვიხსენებ, ძალიან ბევრ რამეზე მწყდება გული. საკონცენტრაციო ბანაკგამოვლილ ქალს ბევრი ჩანაფიქრი ჰქონდა, მაგრამ მათი ასრულება არ დასცალდა.

სრულად წაკითხვა