ზურაბიშვილი Politico-ს: ივანიშვილის კავშირები მოსკოვთან შესაძლოა უფრო მჭიდრო გახდეს

5 days ago 13

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მმართველი პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს შესაძლოა კვლავ ჰქონდეს კავშირები მოსკოვთან და შესაძლოა ეს კავშირები კიდევ უფრო მჭიდრო გახდა.

წამყვან ამერიკულ გაზეთ POLITICO-სთან ინტერვიუში ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას არ აქვს „შეთქმულების თეორიები“ საქართველოსთან დაკავშირებით ივანიშვილის გეგმებზე, მაგრამ ამავე დროს მას არ აქვს „ლოგიკური, რაციონალური ახსნა“, თუ რატომ გადაუხვია „ქართულმა ოცნებამ“ ევროპული გზიდან.

„საქართველოს მთელი ისტორია აჩვენებს, რომ საქართველოსთვის მთავარი რისკი რუსეთიდან მოდის. ომის რისკი იზრდება მაშინ, როდესაც საქართველო იზოლირებულია პარტნიორებისგან, როცა ის მარტოა, გაყოფილი და სუსტია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მოახლოებული არჩევნები „ეგზისტენციალურია“. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მომავალ არჩევნებში რომც გაიმარჯვოს, მათთვის „საკმაოდ რთული“ იქნება ქვეყნის დასავლელ პარტნიორებთან, ევროკავშირთან და აშშ-სთან ნებისმიერი ფორმის ურთიერთობის განახლება, მათ წინააღმდეგ ხელისუფლების მუდმივი თავდასხმების გათვალისწინებით.

„არ ვიცი, არიან თუ არა განწყობილნი, რომ სერიოზულ დათმობებზე წავიდნენ, რათა ჩვეულ საქმიანობას დაუბრუნდნენ“, – განაცხადა მან და მაგალითად „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის გაუქმება მოიყვანა. მისთვის ასევე უცნობია, თუ რა სახის პოლიტიკას განახორციელებს მმართველი პარტია: შეასრულებს თუ არა თავის რადიკალურ დაპირებებს, როგორიცაა პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვა, თუ ევროკავშირთან ურთიერთობის აღდგენას შეეცდება.

პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა თავის ძალისხმევაზე ოქტომბრის არჩევნების წინ ოპოზიციის გაერთიანების საქმეში და გამოთქვა მზადყოფნა, ითანამშრომლოს მათთან, და გამარჯვების შემთხვევაში „ქართულ ქარტიაში“ დასახული მიზნების შესრულებაზე იმუშავოს.

„თუ პროევროპული ძალები და ქარტიის მხარდამჭერი პარტიები გაიმარჯვებენ არჩევნებში, მე ალბათ მათთან ერთად ვიქნები, რათა ეს ქარტია ევროპული საბჭოს მომავალ სხდომამდე მივიტანო და მოლაპარაკებების დაწყება უზრუნველვყო, ნებისმიერ პოზიციაზე – და ეს ჯერ კიდევ გასარკვევია. “ – განაცხადა ზურაბიშვილმა. მისი თქმით, მისი ყველაზე დიდი სინანული ის არის, რომ „ჩვენ ხელიდან გავუშვით პირველი შანსი [ევროკავშირთან] მოლაპარაკებების დასაწყებად“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა