ისტორიული ღონისძიება ლას ვეგასში - რა უნდა ვიცოდეთ UFC 300-ზე

3 weeks ago 29
  • 📅 14 აპრილი | 🏟 T-Mobile | ⌚ 02:00 | 🥊 UFC 300 
  • ყველაფერი, რაც მომავალი ივენთის შესახებ უნდა იცოდეთ

კვირაზე ნაკლები დრო გვაშორებს MMA-ის ფანებს თარიღისგან, რომელსაც ამდენი ხანი მოუთმენლად ველოდით. 14 აპრილს, ლას ვეგასის T-Mobile არენაში გაიმართება UFC-ს საიუბილეო მე-300 pay-per-view ივენთი - ისტორიული ქარდი, რომელზეც არამხოლოდ 3 სატიტულო ბრძოლა, არამედ MMA მოყვარულების საყვარელი მებრძოლების მატჩები გველოდება. და სანამ, მომდევნო დღეებში, ქარდის ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლების განხილვასა და პროგნოზებზე გადავალთ, მოდი, განვიხილოთ ყველაფერი, რაც UFC 300-ის შესახებ უნდა ვიცოდეთ.

სინამდვილეში, UFC 300 უკვე დიდი ხნის წინ ჩატარდა…

რა თქმა უნდა, ნებისმიერი ორგანიზაციის არსებობაში არის პატარა თუ დიდი მომენტები, რომლებიც სენტიმენტალურ დატვირთვას ატარებენ. განსაკუთრებით, როდესაც ვსაუბრობთ ისეთ ორგანიზაციაზე, რომელსაც არსებობისთვის საჯარო კრიტიკასა და საკანონმდებლო სისტემასთან წლების განმავლობაში ჭიდაობა მოუწია.

დარწმუნებული ვარ, UFC-ს ადრეულ პერიოდში, მისი პრეზიდენტი დანა უაითი ოცნებასაც ვერ გაბედავდა იმაზე, რომ ერთ დღეს მე-300 ღონისძიების ჩატარება მოუწევდა. თუმცა, დაბრკოლებებსა და ამერიკული კანონმდებლობისგან წნეხის მიუხედავად, ორგანიზაციამ მე-100 და მე-200 ქარდები ჩაატარა, ნიუ-იორკიც დაიპყრო, სპორტში ფაქტობრივი მონოპოლია მოიპოვა და, აგერ, სულ რამდენიმე დღეში, არსებობის მესამე ათწლეულს საიუბილეო მე-300 ივენთითაც აღნიშნავს. 

თუმცა, სენტიმენტალური დატვირთვა ვერ შეცვლის იმ ცოტა კურიოზულ ფაქტს, რომ UFC 300 ორგანიზაციის მე-300 ღონისძიება სულაც არ არის… და არც UFC 100 ან UFC 200 იყო შესაბამისად მე-100 და მე-200. UFC 100 ორგანიზაციის რიგით 133-ე, ხოლო UFC 200 - 363-ე ივენთი იყო და “ქაღალდზე” დანარჩენი PPV ივენთებისგან არაფრით გამოირჩეოდა. თუმცა, რა თქმა უნდა, მათ გარშემო შექმნილი დიალოგი, სიმბოლიზმი და ორგანიზაციის მხრიდან განსაკუთრებული დამოკიდებულება, ამ ივენთებს იმ მითიურ აურას სძენს, რომელიც მაყურებელში წლების შემდეგაც შეუცვლელ ემოციებს იწვევს. 

დიახ, ნამდვილი რიგითობის მიუხედავად, UFC 100, UFC 200 და ახლა UFC 300, განსაკუთრებულ ღონისძიებებად ითვლებიან და ორგანიზაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ივენთები რაც შეიძლება გამორჩეულები და დასამახსოვრებლები იყვნენ. ეს როგორც მაქსიმალურად საინტერესო, “ვარსკვლავური” მატჩების ჩანიშვნაში, ასევე სპეციალურ პრომო აქტივობებშიც გამოიხატება. ამ უკანასკნელის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი UFC 200-ს საკულტო, ყვითელი ოქტაგონის იატაკია, რომლითაც ღონისძიების ამოცნობა ჩანაწერებშიც კი წამებში შეიძლება.

ამიტომ, არაა გამორიცხული, წელსაც რამე განსაკუთრებული სიურპრიზი ვიხილოთ - უკვე ვნახეთ რამდენიმე მაკეტი, სადაც ოქტაგონის იატაკი შავად და ოქროსფრად იყო შეღებილი. და, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის მხრიდან დასტური კონკრეტულად ჯერ არაფერზე არსებობს, ვიმედოვნებ, რომ რამე მსგავსი მართლაც მოხდება - ბოლო-ბოლო ასეთი ივენთები 5-10 წელიწადში ერთხელ იმართება. 

UFC 300-ის დაუჯერებელი სტატისტიკა

საიუბილეო ქარდის გამორჩეულობას და მასში ჩადებულ რესურსს აბსოლუტურად “გიჟური” სტატისტიკაც ადასტურებს. კერძოდ კი, ის ფაქტი, რომ UFC 300-ზე 14 ბრძოლაში 12 ყოფილ ან ამჟამინდელ ჩემპიონს ვიხილავთ. ამის გარდა, ღონისძიებაში მსოფლიოში 15-დან 7 pound-for-pound საუკეთესო მებრძოლია ჩართული, 28 მონაწილიდან კი, 16 საკუთარი დივიზიონის TOP 15-ს წარმოადგენს.

სპორტში, სადაც გაზვიადება და დრამატიზმი ძალიან გვიყვარს, ამ შემთხვევაში არც ერთი, არც მეორე გვჭირდება: UFC 300-ის ე.წ. ადრეულ პრელიმებზეც კი აბსოლუტურად ფანტასტიკური ბრძოლები გველის. ავიღოთ თუნდაც საღამოს გამხსნელი მატჩი - დეივესონ ფიგიერედო კოდი გარბრანდტის წინააღმდეგ, სადაც ორივე მებრძოლი ყოფილი ჩემპიონია, რომელსაც მოსაწყენი ბრძოლა კარიერაში არასდროს ჰქონია. ხოლო ადრეული პრელიმების დანარჩენი სამი ბრძოლიდან (ბობი გრინი vs. ჯიმ მილერი, ჯესიკა ანდრაჟი vs. მარინა როდრიგესი, ჯეილინ ტერნერი vs. ჰენატო მოიკანო) ნებისმიერი Fight Night ქარდის მთავარი მატჩი შეიძლებოდა ყოფილიყო.

მეინ ქარდი და მასთან დაკავშირებული პრობლემები

რა თქმა უნდა, ასეთი დიდი ღონისძიების ჩატარება სკანდალების გარეშე თითქმის გამორიცხულია: ასეთ დროს მაყურებელთა მოლოდინებიც დიდია, მედიაც განსაკუთრებით გაკვირდება. ამის გამოც, წელს ორგანიზატორები კრიტიკის ქარიშხალში აღმოჩნდნენ, რადგან ბევრი მაყურებელი UFC 300-ის მთავარი ქარდის საბოლოო ვერსიით უკმაყოფილო დარჩა. 

პრობლემები მთავარი ბრძოლის გამოცხადებით დაიწყო - 14 აპრილის საღამოს ალექს პერეირას ჯამაჰალ ჰილთან შეხვედრა დააგვირგვინებს. თავად ამ ბრძოლაში ცუდი არაფერია: მოგეხსენებათ, ბრაზილიელისთვის ეს ქვემძიმე ტიტულის პირველი დაცვა იქნება, ჯამაჰალ ჰილი კი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონია, რომელსაც საკუთარი ტიტული არასდროს დაუკარგავს - ამერიკელმა ქამარი ტრავმის გამო დათმო. ამ ორი ათლეტის დაპირისპირება არამხოლოდ დროული და ლოგიკურია, არამედ წლების განმავლობაში არეულ დივიზიონში წესრიგი უნდა დაამყაროს.

პრობლემა ორგანიზაციის მიერ შექმნილ მოლოდინში მდგომარეობდა: თვეების წინ, დანა უაითი შეგვპირდა, რომ UFC 300-ის მთავარი ბრძოლა იმდენად წარმოუდგენელი და მოულოდნელი იქნებოდა, რომ მისი გამოცხადება ფანებს შოკში ჩააგდებდა. და, ალბათ, ორგანიზაციის თავდაპირველი ჩანაფიქრი მართლაც ასეთი იყო. თუმცა, როგორც ჩანს, მთავარ ივენთთან დაკავშირებული გეგმები, სხვადასხვა ფაქტორების გამო, არაერთხელ აირია და შედეგად მივიღეთ ბრძოლა, რომელიც ძალიან კარგია, თუმცა, “მოულოდნელი” და “წარმოუდგენელი” ვერანაირად არის. მეტიც - ამ ბრძოლას MMA-ის მოყვარულები ისედაც ველოდით, უბრალოდ არა UFC 300-ის, არამედ UFC 301-ის ქარდზე, რომელიც ბრაზილიაში ჩატარდება და რომელზეც ბრაზილიელი ჩემპიონის ყოლა ბევრად უფრო ლოგიკური იქნებოდა. 

განვმეორდები: ალექს პერეირა vs ჯამაჰალ ჰილი მშვენიერი მატჩია და ნებისმიერი სხვა ქარდის შემთხვევაში, ასეთ მთავარ ბრძოლაზე არავინ იწუწუნებდა. მაგრამ სწორედ ესაა ქომაგებში დიდი მოლოდინების შექმნის მთავარი რისკი: ასეთი მოლოდინების გამართლება, როგორც წესი, ძალიან რთულია.

კიდევ ერთი ასპექტი, რომელმაც ორგანიზაციის მიმართ კრიტიკა გამოიწვია, ბო ნიკალისა და კოდი ბრანდეიჯის ბრძოლის მთავარ ქარდზე ჩასმა იყო. მოგეხსენებათ, არც ნიკალი და არც ბრანდეიჯი საშუალო დივიზიონის TOP 15-შიც კი არ შედიან და, შესაბამისად, ამ ბრძოლის საღამოს მთავარი ნაწილის გამხსნელ მატჩად დანიშვნა ფანებისთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო. განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ბრძოლამდე პრელიმებზე ჯერ ირჟი პროჰაზკას და ალექსანდრ რაკიჩის, ხოლო შემდეგ, კელვინ კატარის და ალჯამეინ სტერლინგის დაპირისპირებები გველის. 

ერთადერთი, რითაც ამ გადაწყვეტილების ახსნა შეგვიძლია, UFC-ის მიერ ბო ნიკალზე დამყარებული დიდი სამომავლო იმედებია. მიუხედავად იმისა, რომ ბო ნიკალი MMA-ში შედარებით ახალი ფიგურაა, ის ამერიკული NCAA შეჯიბრების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოჭიდავე იყო. ნიკალისნაირი ათლეტები თაობაში ერთხელ იბადებიან, ხოლო ასეთი კალიბრის და ამდენი ტიტულის მქონე მოჭიდავე UFC-ში საერთოდ ჯერ არასდროს გვყოლია. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზაცია ახალგაზრდა ამერიკელში დივიზიონის მომავალ ვარსკვლავს ხედავს და ცდილობს, ეს ხედვა მაყურებელსაც გაუზიაროს… რამდენად გამოუვიდათ ეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში? ამ კითხვაზე პასუხის გაცემის შესაძლებლობას მკითხველს დავუტოვებ.

ჯიმ მილერის ლეგენდა გრძელდება

როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მეინ ქარდზე ყოფნის გარდა, საიუბილეო ივენთში უბრალო მონაწილეობაც კი უდიდეს პატივად და ისტორიულ შესაძლებლობად მიიჩნევა. თუმცა, არსებობს ადამიანი, ვისაც ეს სასწაული შანსი არა ერთხელ, არა ორჯერ, არამედ სამჯერ ერგო - მსუბუქი დივიზიონის ლეგენდა, ჯიმ მილერი.

14 აპრილს MMA-ს ვეტერანი და ორგანიზაციის ისტორიაში ყველაზე მეტი მოგების რეკორდის მფლობელი საკუთარ 44-ე ბრძოლას ჩაატარებს და ამით გახდება ერთადერთი მებრძოლი, რომელმაც UFC 100-ზე, UFC 200-ზე და UFC 300-ზეც იასპარეზა.

და ბოლოს… 

Ultimate Fighting Championship-ის პირველი ოფიციალური ივენთის 30 წლის, 5 თვის და 2 დღის შემდეგ, ლას ვეგასში ნამდვილად ისტორიული ღამე გველის. და თუ, MMA-ს ზოგადი არაპროგნოზირებადობიდან გამომდინარე, კონკრეტული ბრძოლების შედეგის წინასწარ განსაზღვრა რთულია, ერთი რამ უდავოა: საიუბილეო ღონისძიება, როგორც მებრძოლების, ასევე ფანებისთვის აბსოლუტურად დაუვიწყარი იქნება! მის დეტალურ გაშუქებას კი, როგორც ყოველთვის, "ევროპოპის: მკითხველს აქტიურად შევთავაზებთ.

სრულად წაკითხვა