კვარას დაბრუნება და ასისტი - ნაპოლიმ ულამაზესი გოლებით მოიგო

3 weeks ago 27
  • მონცა 2:4 ნაპოლი | ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე პასი მიითვალა
  • ნაპოლიმ მეორე ტაიმში დააქამბექა და 3 ქულა მოიპოვა

იტალიის სერია A-ს 31-ე ტურში ნაპოლიმ სტუმრად მონცა უხვგოლიან შეხვედრაში 4:2 დაამარცხა და 3-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

ეს შეხვედრა ლამაზი გოლების იყო - სამი გოლი მართლა ძალიან ეფექტური გამოდგა, განსაკუთრებით, მატეო პოლიტანოს გოლი, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია ტრავმიდან გამოჯანმრთელდა და საგოლე პასი მიითვალა.

ნაპოლიმ გოლი სწრაფად გაუშვა. მე-9 წუთზე მილან ჯურიჩმა საჯარიმოში ჟუან ჟეზუშს დაასწრო და თავური დარტყმით გახსნა ანგარიში. პირველ ნახევარში ფრანჩესკო კალცონას გუნდი ძალიან უფერულ ფეხბურთს თამაშობდა, თუმცა გათანაბრება მაინც შეეძლო. ორჯერ ხვიჩა კვარაცხელია იყო ახლოს გოლთან. ჯერ მე-40 წუთზე დაარტყა და მეკარემ აჯობა (ეს პირველ ნახევარში ნეაპოლელთა ერთადერთი ზუსტი დარტყმა იყო), ხოლო 5 წუთის შემდეგ კვარამ შორი მანძილიდან არაზუსტად დაარტყა.

კვარა საუკეთესო არ იყო, მაგრამ არც ურიგოდ უთამაშია

სამაგიეროდ, მეორე ტაიმში მოედანზე ვითარება შეიცვალა. ნაპოლიმ 6-წუთიან ინტერვალში 3 გოლი გაიტანა, თან ერთმანეთზე უკეთესი. ანგარიში ვიქტორ ოსიმენმა თავური დარტყმით გაათანაბრა, რომელმაც ჩვეულ სტილში ითამაშა მეორე სართულზე. ორ წუთში მატეო პოლიტანომ შეაგდო, ზღაპრული გოლი: იტალიელმა შემტევმა საჯარიმოს მისადგომებიდან ერთი შეხებით ფანტასტიკურად დაარტყა! 4 წუთის მერე არანაკლები სილამაზის გოლი პიოტრ ჟელინსკის აქტივშია, მანაც შორიდან გაისროლა. ამ მომენტში საგოლე პასი კვარაცხელიამ მიითვალა. რთულია, ამ გოლში ასისტზე საუბარი, მაგრამ სტატისტიკას შემორჩება, რომ კვარამ ასისტი მიითვალა.

ერთ წუთში მონცამაც ულამაზესი გოლი თ უპასუხა სტუმართა შედევრებს: ანდრეა კოლპანიმ შორეულ კუთხეში აჭრა ბურთი - 2:3. სულ მალე კალცონამ კვარაცხელია შეცვალა. ქართველმა მოედანი 68-ე წუთზე დატოვა, მის ნაცვლად თამაშში ჯაკომო რასპადორი ჩაერთო, რომელსაც პირველივე შეხება და რამდენიმე წამი ეყო გოლის გასატანად, როცა მეკარის მოგერიებულს დაამატა.

ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 28 მატჩში 10 გოლი და 5 საგოლე აქვს აქტივში (2 მოპოვებული პენალტიც), ხოლო ყველა ტურნირზე 39 შეხვედრაში 10 გოლი და 6 საგოლე პასი მიითვალა.

ნაპოლიმ ამ გამარჯვებით 48 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 14 აპრილს, ფროზინონეს უმასპინძლებს.

მონცა 2:4 ნაპოლი

გოლები: 1:0 ჯურიჩი (9), 1:1 ოსიმენი (55), 1:2 პოლიტანო (57), 1:3 ჟელინსკი (61), 2:3 კოლპანი (62), 2:4 რასპდორი (68)

სრულად წაკითხვა