კიდევ ერთი სუპერთრილერი - ბარსელონამ პსჟ პარიზში დაამარცხა

3 weeks ago 14
  • პსჟ 2:3 ბარსელონა
  • საპასუხო მატჩი ესპანეთში 16 აპრილს გაიმართება

ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის საოცარი კვირაა - ჩვენ კიდევ ერთი სუპერდუელი ვიხილეთ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, მორიგი უხვგოლიანი თრილერი, ცვალებადი "ქამბექებით", მოედანზე სიტუაცია ელვის სისწრაფით იცვლებოდა. 

რაფინიამ ბარსელონას მაისურით პირველი დუბლი შეასრულა

"პარკ დე პრენსზე" პსჟ-სა და ბარსელონას პირველი მეოთხედფინალური მატჩი 2:3 დასრულდა. რა თქმა უნდა, ახლა აშკარა ფავორიტი უკვე ჩავის ბარსაა, თუმცა არც ამ წყვილში ვიტყოდით, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია...

პსჟ-ს დისკვალიფიკაციის გამო აკლდა ჰაკიმი, პარიზელთა სასტარტოში მოულოდნელი იყო ლისა და ასენსიოს გამოჩენა, თუმცა მათ ვერაფერი გააკეთეს და მეორე ტაიმში ლუის ენრიკემ ორივე მალე გამოცვალა. ჩავის გუნდში პედრის სათადარიგოთა სკამზე გამოჩენაც კი მოულოდნელი იყო, მან კი არათუ ითამაშა, არამედ, უმაგრესი საგოლე პასიც გააკეთა. 

უსმან დემბელემ ყოფილ გუნდს გაუტანა

პირველი ტაიმი ბარსამ რაფინიას მაგარი გოლის წყალობით მოიგო. ბარსამ შუახაზში დაჩაგრა მეტოქე და ტაიმის შედეგიც ლოგიკური იყო. დაიწყო მე-2 ტაიმი და სიტუაცია ორ წუთში შეიცვალა 180 გრადუსით, ჯერ უსმან დემბელემ გაუტანა ყოფილ გუნდს, შემდეგ კი რუისის პასით თავი ვიტინიამ გამოიჩინა.

თუმცა პსჟ-ს "ქამბექს" ბარსელონური მოჰყვა - შეცვლაზე შესულმა პედრიმ უბრალოდ საოცარი გრძელი პასი მისცა რაფინიას და ბრაზილიელმაც დუბლი შეასრულა. 77-ე წუთზე კი ორი წუთის წინ შეცვლაზე შესულმა ანდრეას კრისტენსენმა დონარუმას კარში მესამე გოლი გაიტანა, რომელიც გამარჯვების გამოდგა.

ამ გუნდების საპასუხო მატჩი კატალონიაში, ოლიმპიურ სტადიონზე 16 აპრილს გაიმართება. 

საინტერესო ფაქტები

🟠 რაფინია იაია ტურეს მერე (2008) ბარსას პირველი ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე თავისი პირველი გოლი კლუბის მაისურით ¼ ფინალში გაიტანა. 

🟠 ლამინე იამალი (ბარსელონა) გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც ლიგის ¼ ფინალში ითამაშა - 16 წლისა და 272 დღის. 

🟠 რაფინიამ ბარსელონას მაისურით პირველად შეასრულა დუბლი (მე-80 მატჩში). ეს ლიგის პლეი ოფში ბარსას ფეხბურთელის პირველი დუბლია 2019 წლის მერე (ლიონელ მესი). 

🟠 მატჩის პირველი 7 დარტყმა პარიზელთა იყო, შემდეგი 11 დარტყმიდან კი 10 ბარსელონას ანგარიშზეა. 

პსჟ 2:3 ბარსელონა

გოლები: 0:1 რაფინია (37), 1:1 დემბელე (48), 2:1 ვიტინია (51. რუისის პასით), 2:2 რაფინია (62. პედრის პასით), 2:3 კრისტენსენი (77. გიუნდოგანის პასით)

პსჟ (4-3-3): დონარუმა - მარკინიოსი, ლ. ერნანდესი, ბერალდო, მენდეში - ლი (61. ზაირ-ემრი), ვიტინია, რუისი (85. გ. რამოში) - დემბელე, ასენსიო (46. ბარკოლა), მბაპე

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - კუნდე, არაუხო, კუბარსი, კანსელო - ს. რობერტო (61. პედრი), ფ. დე იონგი (75. კრისტენსენი), გიუნდოგანი (85. ფერმინ ლოპესი) - იამალი (61. ჟოაო ფელიქსი), ლევანდოვსკი, რაფინია (75. ფერან ტორესი).

სრულად წაკითხვა