კოლუმბიის უნივერსიტეტში 100-ზე მეტი პრო-პალესტინელი დემონსტრანტი დააკავეს

1 week ago 9

ხუთშაბათს, ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსში 100-ზე მეტი პრო-პალესტინელი დემონსტრანტი დააკავეს მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, ნიუ-იორკის პოლიციას ნება დართო დაეშალა განლაგებული კარვები, რომელიც სტუდენტებმა ღაზაში ისრაელის ქმედებების გასაპროტესტებლად მოაწყეს.

კოლუმბიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ნემატ მინუჩე შაფიკმა თქვა, რომ პოლიციას ნება დართო დაეშალა ათობით კარვისგან შემდგარი კომპლექტი, რომელიც დემონსტრანტებმა ოთხშაბათ დილით გაშალეს. წინა დღით, რესპუბლიკელებმა წარმომადგენელთა პალატის კომიტეტში, რომელიც სასწავლო კორპუსში ანტისემიტიზმის საკითხზე მოსმენას ატარებს, შაფიკი მწვავედ გააკრიტიკეს.

შაფიკმა განაცხადა, რომ დემონსტრანტებმა დაარღვიეს სასწავლებლის წესები, რომელიც უნებართვო დემონსტრაციებს კრძალავს და ამასთან ერთად, ადმინისტრაციასთან დიალოგის სურვილი არ გამოთქვეს.

ნიუ-იორკის მერმა ერიკ ადამსმა თქვა, რომ პოლიციამ ძალადობის ან ადამიანების დაშავების გარეშე, 108-ზე მეტი დაკავება მოახდინა. პოლიციამ განაცხადა, რომ დაკავებები საკუთრებაში უკანონო შეჭრასთან იყო დაკავშირებული.

კოლუმბიის უნივერსიტეტმა განაცხადა, რომ დაიწყო იმ სტუდენტების დროებით გარიცხვა, რომლებიც უნებართვო დემონსტრაციად მიჩნეულ კარვებიან პროტესტში მონაწილეობდნენ.

პრო-პალესტინური ჯგუფის, „ინსტიტუტი ახლო აღმოსავლეთის გაგებისთვის“ ცნობით, სულ მცირე სამმა სტუდენტმა - ისრა ჰირსიმ, მარიამ იქბალმა და სოფ დინუმ, პროტესტის ამ ფორმაში მონაწილეობისთვის, უნივერსიტეტთან აფილირებული ბერნარდის კოლეჯიდან დროებითი გარიცხვის შეტყობინებები მიიღეს.

ჰირსი, კონგრესის წევრ ილჰან ომარის ქალიშვილია, რომელმაც მოსმენაზე, სადაც შაფიკმა ჩვენება მისცა, დემონსტრანტებისადმი მხარდაჭერა გამოხატა.

დამკვირვებელთა ნაწილისთვის, ეს პროტესტი ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო დემონსტრაციებს ჰგავს, რომელიც ამ უნივერსიტეტში 50 წელზე მეტი ხნის წინ ტარდებოდა და ერთ-ერთი ბოლოა დემონსტრაციების წყებიდან, რომელიც 7 ოქტომბერს დაწყებული, ისრაელ-პალესტინელთა გამწვავებული კონფლიქტის შემდეგ, უნივერსიტეტების, ხიდების და აეროპორტების მუშაობას აფერხებს.

პროტესტების გავრცელებასთან ერთად, ადამიანის უფლებათა აქტივისტებმა მიანიშნეს, რომ ბოლო თვეებში, ებრაელების, არაბების და მუსლიმების მიმართ მიკერძოებული მიდგომა და სიძულვილი გაიზარდა.

სრულად წაკითხვა