ლავროვი კვლავ სთავაზობს თბილისს, შეუერთდეს 3+3 პლატფორმას და დასავლეთს „მეორე ფრონტის გახსნის“ მცდელობაში ადანაშაულებს

3 days ago 10

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 ოქტომბერს სტამბოლში 3+3 რეგიონული პლატფორმის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „სკამი და კარი მათთვის ყოველთვის ღიაა“ და „როგორც კი თბილისი გადაწყვეტს, მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს მოვიდნენ და დაიკავონ თავიანთი ადგილი“.

კითხვაზე, ნანობს თუ არა ის, რომ თბილისი არ მონაწილეობდა პლატფორმის შეხვედრაში, რითაც „თითქმის პირდაპირი რუსულ-ქართული კონტაქტების“ შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა, ლავროვმა განაცხადა: „ჩვენ გვაქვს კონტაქტები თბილისთან, ფუნქციონირებს რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექცია საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში. იქ ჩვენი დიპლომატები მუშაობენ. საჭიროების შემთხვევაში, მათ აქვთ შესაძლებლობა განიხილონ აქტუალური საკითხები, უპირველეს ყოვლისა, ვაჭრობის, ტურიზმისა და ხალხთა შორის კონტაქტების სფეროებში, უშუალოდ საქართველოს შესაბამის ხელისუფლებასთან“.

3+3 ფორმატი, რომელიც აერთიანებს სამ რეგიონულ სახელმწიფოს – ირანს, თურქეთს და რუსეთს, ასევე სამხრეთ კავკასიის ორ ქვეყანას – აზერბაიჯანსა და სომხეთს, 2021 წელს, 2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ შეიქმნა. სახელის მიუხედავად, საქართველო ფორმატის წევრი არ არის.

სერგეი ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ 3+3 ფორმატის შეხვედრისას „კიდევ ერთხელ (ჩვენ ამას ყოველთვის ვაკეთებთ, როცა ამ ფორმატში ვიკრიბებით), დავადასტურეთ, რომ ამ პლატფორმის კარი საქართველოსთვის ყოველთვის ღია რჩება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დროთა განმავლობაში ქართველი მეზობლები შეძლებენ მის მუშაობას შეუერთდნენ“.

სამხრეთ კავკასიაში რეგიონული უსაფრთხოების წინაშე არსებული საფრთხის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ მან განაცხადა, „ქართული ოცნების“ ნარატივის მსგავსად, რომ „ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა დასავლეთის ცნობილი მცდელობა, გახსნას „მეორე“ ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ“. მისი თქმით, დასავლეთს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაცია სურს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე დაადანაშაულა „რეგიონის მიღმა მყოფი მოთამაშეები“, რომლებიც, მისი თქმით, ცდილობენ „თავიანთი პირობები უკარნახონ, დანერგონ თავიანთი სქემები, რომლებიც მიზნად ისახავს არა რეგიონის პრობლემების გადაჭრას მასში შემავალი ყველა ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, არამედ ნატო-ცენტრისტული ფორმატების ხელშეწყობას, ბლოკური პროცესების განვითარებას… და საკუთარი შესაძლებლობების ზეწოლის ბერკეტად გამოყენებას”.

მაგალითისთვის, მან გაიხსენა, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ „უცხოელი აგენტების“ შესახებნ კანონი მიიღო, „ევროკავშირმა მაშინვე გამოაცხადა“, რომ საქართველო „აღარ განიხილება ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პრიორიტეტულ პარტნიორად, რადგან მან დაარღვია „ევროპული ღირებულებები“.

მან ასევე განაცხადა: „თუ ეს „ღირებულებები“ იმას გულისხმობს, რომ დააფინანსოს დივერსია და ლგბტ დღის წესრიგი წაახალისოს, მაშინ ეს ყველაფერზე მეტყველებს. ეს არის დანაშაულის აღიარება, იმის აღიარება, რასაც წარმოადგენს ეს „ევროპული ღირებულებები“.

ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ  ”რისკების უმეტესობა, რასაც ჩვენ აქ [სამხრეთ კავკასიაში] ვხედავთ, დაკავშირებულია დასავლეთის მცდელობებთან, მაქსიმალურად გაზარდოს თავისი გავლენა რეგიონში, რათა ძირი გამოუთხაროს რუსეთის ფედერაციის შესაძლებლობებს, თანაბარი და ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობა დაამყაროს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და ჩვენს სახელმწიფოს შორის“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა