'მეგობრები ვართ, ქართულ რესტორანშიც იყო' - მამუ ვემბიზე და მატჩზე

3 weeks ago 25

სანდრო მამუკელაშვილი ყველა შეხვედრაში ამტკიცებს, რომ სან ანტონიოში უფრო მეტ სათამაშო დროს იმსახურებს. ბოლო შეხვედრაშიც ქართველმა კალათბურთელმა მემფის გრიზლისთან მოგებაში დიდი როლი ითამაშა და ორმაგი დუბლი 11 ქულითა და 16 მოხსნით გაიფორმა.

შეხვედრის შემდეგ სანდრომ Bally Sports-თან მემფისთან თამაში შეაფასა და სხვადასხვა თემაზეც ისაუბრა.

...გრიზლისთან მატჩზე: "მემფისთან რთული შეხვედრები გვქონდა, განსაკუთრებით, მარტში, როცა დავმარცხდით. შესაბამისად, ყველამ ვიცოდით, როგორი კარგები არიან. პოპმა მათ "დაჭრილი ცხოველები" დაუძახა, ამიტომ, ვიცოდით, რომ ამოსუნთქვის საშუალებას არ მოგვცემდნენ. ძალიან აგრესიულად თამაშობდნენ, შესაბამისად, პირველი ტაიმის შემდეგ რაღაცები უნდა შეგვეცვალა. ვფიქრობ, რომ მეორე ნახევარში მომზადებულები გამოვედით, გამარჯვება გვსურდა და ასეც მოხდა."

...შესვენების დროს პოპოვიჩის რჩევებზე: "დაცვაში ცუდად ვთამაშობდით, შესვენების დროს კი პოპმა რამდენიმე ვიდეო გვაჩვენა, რომლებშიც ჩანდა, თუ როგორ გვჯობნიდნენ ფიზიკურად, ჩვენზე უკეთესები იყვნენ და ერთად თამაშობდნენ. ეს შენიშვნა მივიღეთ, გამოვედით და ვფიქრობ, რომ მეორე ტაიმში მოგება მათზე მეტად გვინდოდა."

...მარტივ ლეი-აფებზე: "ეს ევროპული სტილის კალათბურთიდან მაქვს. ევროპაში თამაშის დროს ბევრი მოძრაობა გვიწევს სივრცეების საპოვნელად, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ აქედან ვისწავლე."

...ვიქტორ ვემბანიამაზე: "ჩვენ დარბაზს მიღმა კარგი მეგობრები ვართ. ყოველთვის ვცდილობთ, რომ სასადილოდ ერთად წავიდეთ ხოლმე. ნიუ იორკში, ქართულ რესტორანში ვიყავით და ვფიქრობ, აქ დავმეგობრდით. ევროპელები ვართ და მატჩის დროს გადაადგილება გვიყვარს. ხანდახან, მგონია, რომ მის თვალებში ვკითხულობ, თუ რა უნდა, რომ გავაკეთო, ამიტომ მასთან თამაში შესანიშნავია. მთელი წელია მას ვუყურებ და ის წარმოუდგენელი კალათბურთელია."

...თავის გუნდზე: ყველა ახალგაზრდა გუნდი თავიდან გარკვევის პროცესშია. უბრალოდ, ვცდილობთ, რომ გავიგოთ როგორ ვითამაშოთ ვიქტორთან ერთად და ასევე გუნდურად. ვფიქრობ, რომ All Star-ის შემდეგ ყველა დაწყნარებული და დასვენებული იყო. გვესმოდა, რას ვაკეთებდით ცუდად. დიდი მნიშვნელობა აქვს თამაშების მერე ერთად ყოფნას. ერთიანი ჯგუფი ვართ, მოგება და კონკურენცია გვსურს.

მამუკელაშვილს მიმდინარე სეზონში 43 მატჩი აქვს ჩატარებული, მისი საშუალო მაჩვენებლები კი ასე გამიყურება: 8.6 წუთი, 3.5 ქულა, 2.7 მოხსნა, 1.0 პასი. ბოლო 5 მატჩში კი, როდესაც სანდროს სათამაშო დრო მკვეთრად გაიზარდა, მისმა სარგებლიანობამაც იმატა: 25.2 წუთი, 10.4 ქულა, 9.6 მოხსნა, 2.4 პასი.

სრულად წაკითხვა