პრემიერ-მინისტრი: „რადიკალური ოპოზიციის“ ლიდერები თავდასხმის რისკის ქვეშ არიან

1 month ago 41

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 4 სექტემბერს განაცხადა, რომ „რადიკალური ოპოზიციის“ ლიდერები თავდასხმის რისკის ქვეშ არიან, რაც „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ლიდერებმა და მისმა მფარველებმა შესაძლოა საარჩევნო გარემოსა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის გამოიყენოს. მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „რადიკალური ოპოზიცია“ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არეულობას გეგმავს, რისი მცდელობაც, მისი თქმით, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.

კობახიძემ აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი „მშვიდობიან გარემოში“ მიმდინარეობს და იმედი გამოთქვა, რომ ასეც დარჩება. თუმცა, მისი თქმით, „გვაქვს უარყოფითი მოლოდინი რადიკალური ოპოზიციის სამომავლო აქტივობებთან დაკავშირებით“ რიგი ფაქტორების გათვალისწინებით.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი დაახლოებით 60 პროცენტს შეადგენს, რაც „რადიკალურმა ოპოზიციამაც ძალიან კარგად იცის“ და ამიტომ, „ისინი მშვიდი საარჩევნო გარემოს შენარჩუნებით, ბუნებრივია, ნაკლებად არიან დაინტერესებული.

მეორე, კობახიძემ წინა არჩევნების გამოცდილება გაიხსენა, როდესაც „კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, გამონაკლისის გარეშე, ყოველთვის საარჩევნო გარემოს არევას ცდილობს ხოლმე, შესაბამისად, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს არჩევნები იქნება ამ მხრივ გამონაკლისი“.

მესამე, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი, სადაც „გადაწყდება, შეძლებს ომის პარტია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას, თუ ქვეყანა მშვიდობას შეინარჩუნებს“. კობახიძის თქმით, „სასწორზე იმდენად მნიშვნელოვანი რამ დევს, რომ ამ ფონზე, რისკები, ბუნებრივია, ერთი-ათად არის მომატებული“.

კობახიძემ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისთვის უსაფრთხოების საგანგებო ზომები გაამართლა და სლოვაკეთის რობერტ ფიცოსა და ამერიკელი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობები გაიხსენა. კობახიძემ განაცხადა: „ყველას გახსოვთ ღია მუქარაც, რომელიც ერთ-ერთი ევროკომისრის პირით შემოგვითვალეს“. პრემიერ-მინისტრის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმის მომზადების საქმეს იძიებს.

„ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენი პოლიტიკური გუნდი იღებს განსაკუთრებულ ზომებს პარტიის საპატიო თავმჯდომარის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომელიც საქართველოში მშვიდობის უმთავრესი გარანტია. სწორედ ამიტომ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ გადაადგილდება ვერტმფრენით, საარჩევნო შეკრებებზე უზრუნველყოფილია მისი უსაფრთხოების დაცვა შუშის ბარიერით, რაც რადიკალური ოპოზიციის განსაკუთრებული გულისწუხილის მიზეზია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარის გარდა, „თავდასხმის რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, განსაკუთრებით, ის პოლიტიკოსები, რომლებზე თავდასხმაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მფარველების მხრიდან საარჩევნო პროცესისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის ყველაზე ეფექტიანად შეიძლება იქნეს გამოყენებული. ვაფრთხილებთ ყველას, რომ ნებისმიერი ამგვარი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება“.

ბრიფინგის დასასრულს, კობახიძემ განაცხადა, რომ „რადიკალურ ოპოზიციას“ არჩევნებში გამარჯვების იმედი არ აქვს და ამიტომ  არჩევნების შემდეგ სიტუაციის არევას გეგმავს. მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიცია არ განიხილავს იმ სცენარს, სადაც მმართველი პარტია ხელისუფლებაში რჩება და მხოლოდ იმაზე საუბრობს, თუ როგორ გააყალბებს „ქართული ოცნება“ არჩევნებს.

„სრულიად ცხადია, რომ ისინი მორიგ ჯერზე არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, შეეცდებიან სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას, თავდასხმას და ქვეყნის არევას, რასაც, მათი გათვლით, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლა და რადიკალური ოპოზიციის მიერ მეორე ფრონტის გახსნის დავალების შესრულება უნდა მოჰყვეს. ამ შემთხვევაშიც, მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ საქართველოში ვითარების არევის ნებისმიერი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება“, – დასძინა კობახიძემ.

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა