„სამართლიანი არჩევნები“ წინასაარჩევნო კამპანიის წინ „ძლიერ პოლარიზაციასა“ და სხვა გამოწვევებზე საუბრობს

1 month ago 25

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 4 სექტემბერს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 1 ივნისი – 26 აგვისტოს პერიოდს მოიცავს. ანგარიშში განხილული თემები მოიცავს ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას, საარჩევნო კოდექსში შეტანილ სადავო ცვლილებებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო კამპანიებს, პოლიტიკურ შემოწირულობებს და ა.შ.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას საქართველო „ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციის“ პირობებში ხვდება, ხოლო წინასაარჩევნო ღონისძიებების დაწყებისთანავე „ქართული ოცნების“ ლიდერები საკუთარ ამომრჩეველს, საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში, ძირითადი ოპოზიციური გაერთიანებების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებას დაჰპირდნენ. ამასთან, ადგილი აქვს ხელისუფლების კრიტიკოსების დაშინების კამპანიას.  

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონმდებლობის მიღებას თან ახლდა კონსპირაციული თეორიებით ანტიდასავლური რიტორიკის გაძლიერებაც, საერთაშორისო საზოგადოებაში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია და ევროკავშირისა და დასავლური სახელმწიფოების მიერ საქართველოს მიმართ პოლიტიკის გადახედვა მოჰყვა.

ორგანიზაცია ასევე აკრიტიკებს საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც, ცესკოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისთვის დადგენილი კვალიფიციური უმრავლესობა შემცირდა. თუ კენჭისყრის შედეგად ცესკომ ვერ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებადაც მას სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა ესაჭიროება, ამ გადაწყვეტილებას იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება და მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს. „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, „ცვლილებები ამცირებს კონსენსუსზე

დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას“.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე საუბრისას, „სამართლიანი არჩევნები“ ასევე აღნიშნავს როგორც საარჩევნო ხელისუფლების, ასევე საუბნო კომისიების წევრებისა და ხელმძღვანელების სერტიფიცირებას, რაც „ძირითადად, კარგად იყო ორგანიზებული“, თუმცა „ზოგიერთ საგამოცდო ცენტრში დაფიქსირდა გარკვეული პრობლემები, მათ შორის, ზედამხედველების მხრიდან გამოცდის მონაწილეებისთვის სწორი პასუხების მინიშნების რამდენიმე მცდელობა“. ორგანიზაციის თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც „მონაწილეები გამოცდის შესახებ არ იყვნენ ინფორმირებული და ეგონათ, ტრენინგზე დასასწრებად მიდიოდნენ“.

ორგანიზაცია ასევე საუბრობს ახალი საარჩევნო ტექნოლოგიების შესახებ ცესკოს საინფორმაციო კამპანიის შეუსაბამობებზე. მაგალითად, ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ უამრავ შემთხვევაში შეფერხებული იყო მისი აკრედიტებული დამკვირვებლების შესაძლებლობა, იმიტირებული კენჭისყრის პროცედურაზე დაკვირვების თვალსაზრისით.

„თბილისის ორ საარჩევნო ოლქსა და კიდევ 20 მუნიციპალიტეტში მათ სრულყოფილი დაკვირვების საშუალება არ მიეცათ. კერძოდ, ამომრჩევლისთვის განსაზღვრული პროცედურის გავლის შემდეგ, ორგანიზაციის არასაარჩევნო პერიოდისთვის აკრედიტებულ დამკვირვებლებს მოსთხოვეს, დაეტოვებინათ შენობა იმ მიზეზით, რომ იმიტირებული კენჭისყრის პროცედურა დაკვირვებას არ ითვალისწინებდა“, – აცხადებს „სამართლიანი არჩევნები“.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პროცესში მონაწილე ადამიანთა უმრავლესობა საჯარო მოხელეები და ასევე საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებული პირები იყვნენ, მათ შორის სკოლისა და საბავშვო ბაღის პედაგოგები. „სამართიანი არჩევნების“ ინფორმაციით, მათი ნაწილი არ იყო ინფორმირებული იმ პროცესის შესახებ, რომელშიც მონაწილეობდნენ. ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ „რიგ მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ მათ მმართველი პარტიის კოორდინატორებისგან ან/და ზემდგომი თანამდებობის პირებისგან მიიღეს დავალება, რათა მოსულიყვნენ და მონაწილეობა მიეღოთ პროცესში“.

ორგანიზაცია ასევე აკრიტიკებს ცესკოს 16 აგვისტოს დადგენილებას, რომლითაც იცვლება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრის ვადები და ეს პროცედურა ყველა საარჩევნო უბანში წინასწარ, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-7 დღეს, ჩატარდება.„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ დადგენილება ეწინააღმდეგება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას, ასევე, შესაძლოა, მან საფრთხე შეუქმნას კომისიის წევრთა დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას საარჩევნო ადმინისტრაციის ქვედა დონეზე.

რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების საქმიანობას, დამკვირვებელმა გამოავლინა ჩარევა და ძალადობა, რომელიც გავლენას ახდენს ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიაზე. დაფიქსირებულ საკითხებს შორისაა საოფისე ფართის დაქირავებასთან დაკავშირებული სირთულეები და მათ ოფისებზე თავდასხმები. ორგანიზაციამ ასევე გამოავლინა სავარაუდო მოსყიდვის ხუთი შემთხვევა, მათგან სამი დაკავშირებულია „ქართულ ოცნებასთან“, ხოლო ორი ოპოზიციასთან.

ანგარიშში ასევე ნახსენებია პოლიტიკური შემოწირულობები, რომლებმაც საანგარიშო პერიოდში 7 395 731 ლარი შეადგინა, საიდანაც 84%-ზე მეტი მმართველმა პარტიამ მიიღო. ანგარიშში ასევე საუბარია ხელისუფლების მიერ ამ პერიოდში მასშტაბური სახელმწიფო პროექტების ინიცირებაზე.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებისა და ნორმების დარღვევისთვის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 7 მედიაორგანიზაცია გააფრთხილა ან დააჯარიმა.

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა