სახალხო დამცველი „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის დებულებების აღსრულების რისკებზე საუბრობს  

1 month ago 31

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა 30 აგვისტოს იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს მიმართა და განაცხადა, რომ  მინისტრის 1 აგვისტოს ბრძანება, რომელიც ეხება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესის“ დამტკიცებას და რომელიც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის აღსრულების ფარგლებში გამოიცა, სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციისა და თვითნებობის რისკებს ქმნის.

თავად „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი არ აკონკრეტებს, თუ რა ინფორმაცია უნდა იყოს შეტანილი არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსურ დეკლარაციებში და ეს იუსტიციის მინისტრის გადასაწყვეტია. საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, ბრძანება იძლევა შესაძლებლობას, რომ გამოქვეყნდეს ამ სადავო კანონმდებლობის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციებში მომუშავე თანამშრომლების პირადი ინფორმაცია. თანამშრომლების პირადი ინფორმაცია მოიცავს მათ სახელებს, გვარებს, პირად ნომრებს და საბანკო ანგარიშის ნომრებს.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემების გამოქვეყნება „გაუმართლებელია და ზიანის მომტანია, აქვს ძლიერი შემბოჭველი, მსუსხავი და მასტიგმატიზირებელი ეფექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულების მქონე ორგანიზაციებში დასაქმებულ პირთა საქმიანობაზე“. ამიტომ, სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, ცვლილებები შეიტანოს ზემოაღნიშნულ ბრძანებაში, რათა „რეგისტრაციის ვალდებულების მქონე ორგანიზაციების მიერ წარდგენილ დეკლარაციებში მითითებულ ფიზიკურ პირთა, მათ შორის, დასაქმებულთა პერსონალური მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნებას არ დაექვემდებაროს“.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯები შეიძლება წარმოდგენილი იყოს დეპერსონალიზებული, ჯამური სახით, მათ შორის ხარჯების კონკრეტულ კატეგორიებად დაყოფის პირობებში. „ასეთ შემთხვევაში, დასაქმებულთა პერსონალური მონაცემების უპირობო გამოქვეყნების მოთხოვნა არ იარსებებდა“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

ამჟამად, „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული, რომელიც უახლოეს დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას კონსტიტუციური სარჩელების დასაშვებობის საკითხზე და, რაც მთავარია, იმაზე, შეაჩეროს თუ არა დროებით კანონის პრაქტიკული დებულებები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, როგორც ამას მოსარჩელეები მოითხოვენ.

სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებით მიმართა სასამართლოს, რომლის თანახმადაც, კანონი გამოყოფს ორგანიზაციების გარკვეულ ჯგუფს და მათ ახალ სტატუსს ანიჭებს, რაც იწვევს ორგანიზაციების სტიგმატიზაციას უცხოური დაფინანსების საფუძველზე. და ხელს უშლის მათ საქმიანოვბას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა