ტურის MVP - მიქაუტაძე ლიგა 1-ში დარტყმებით და დრიბლინგით გამოირჩევა

3 weeks ago 34

WhoScored-მა გიორგი მიქაუტაძე წაგებულ მატჩში (3:4 სტუმრად ბრესტთან) არა მარტო საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა (8.83 შეფასება 10-ბალიანი სისტემით), არამედ, ქართველი ფორვარდი აგვისტოს მერე პირველად შეიყვანა ტურის სიმბოლურ ნაკრებში. თუმცა აღიარება ამით არ მთავრდება - გიორგი ლიგა 1-ის 28-ე ტურის საუკეთესო მოთამაშეც გახდა! 

ელიტურ ლიგაში დუბლი პირველად შეასრულა

ბრესტის ურუგვაელმა ფორვარდმა მარტინ სატრიანომ და ფრანგმა შემტევმა ნახევარმცველმა რომენ დელ კასტილიომ ერთნაირი შეფასებები - 8.82 მიიღეს და ტურში მეორე-მესამე ადგილებზე გავიდნენ. შეგახსენებთ, რომ გიორგიმ ამ ტურში ლიგა 1-ში პირველად, დუბლი შეასრულა. ერთხელ მისი დარტყმული კარის ხაზიდან მცველმა გამოიტანა და მიქაუტაძის ანგარიშზე 6 წარმატებული დრიბლინგია. 

ლიგა 1-ის ტურის სიმბოლური ნაკრები

გიორგი მიქაუტაძე აგვისტოს ბოლოს აიაქსში გადავიდა და ის უკან მხოლოდ იანვარში დაბრუნდა. მიუხედავად ამისა, მას მაინც დაუგროვდა 7 გოლი და 3 საგოლე პასი და ის 7.06 საშუალო შეფასებით ლიგა 1-ის ინდივიდუალურ რეიტინგში უკვე მე-17 პოზიციაზეა. ჟორჟი გამორჩეულია დარტყმებით - 2.8 საშუალოდ მატჩში (მე-3 ადგილი) და დრიბლინგებით - 2.3 წარმატებული დრიბლინგი საშუალოდ, რაც მე-6 შედეგია ლიგა 1-ში. დარტყმებით ის მხოლოდ კილიან მბაპესა და პიერ-ემერიკ ობამეიანგს ჩამორჩება, ხოლო დრიბლინგებით იმავე მბაპეს ოდნავ უსწრებს კიდეც.  

სრულად წაკითხვა