'უკეთესია, მეტი არ ვილაპარაკო' - ბოლონი მიქაუტაძესა და პსჟ-ზე

3 weeks ago 19

გიორგი მიქაუტაძემ მეცის შემადგენლობაში მორიგი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა და საფრანგეთის ლიგა 1-ში პირველი დუბლიც გაიფორმა. ქართველმა ფეხბურთელმა ორი გოლი ბრესტს გაუტანა, მაგრამ მისი გუნდი მაინც დამარცხდა 3:4.

შეხვედრის შემდეგ, მეცის მთავარმა მწვრთნელმა, ლასლო ბოლონიმ მატჩი შეაფასა და მიქაუტაძის მომენტიც გაიხსენა - გიორგიმ შესანიშნავი სოლორეიდის შემდეგ მეკარე მოატყუა და კარშიც დაარტყა, მაგრამ ბურთი მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა.

"იმედგაცრუებულები ვართ. ვიცოდით, რომ როცა ჩვენი მეტოქე პრესინგს შეეცდებოდა, რთული მომენტები იქნებოდა, მაგრამ კარგი დასაწყისისა და ისმაელ ტრაორეს გოლის შემდეგ, იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვიყავი, რადგან ნახევარდაცვაში ბრძოლა მარტივად დავთმეთ. დიდი დისბალანსი იყო: ყველგან და არეულად დავრბოდით, საჭირო დროს საჭირო ადგილზე არ ვიყავით. ვფიქრობდით, რომ გამოსავალი ფლანგებზე, დაცვაში და შეტევაში თამაში იყო, მაგრამ ნახევარდაცვა დავივიწყეთ. საბოლოო ჯამში, შეგვიძლია, რომ გოლები დაცვასა და მეკარეს დავაბრალოთ, მაგრამ მთავარი პრობლემა ნახევარდაცვაში იყო.

გიორგი მიქაუტაძის მომენტი მახსენდება, როცა მან მეკარე მოატყუა და დარტყმის შემდეგ მცველმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა. ანგარიში 1:1 იყო და ამას შეეძლო რაღაცები შეეცვალა. საბოლოო ჯამში, სიმართლე ის არის, რომ როცა სამ გოლს იტან, თამაშს უნდა იგებდე", - აღნიშნა ბოლონიმ.

პსჟ-მ კლერმონთან შეხვედრაში მეორე შემადგენლობა გამოიყვანა, რაზეც ლე ავრის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამან ჩემპიონატი დაამახინჯა. ამის შესახებ აზრი რუმინელ სპეციალისტსაც ჰკითხეს: "არ მინდა, მოედანზე მყოფ ფეხბურთელებს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ დიახ, ეს მე მაწუხებს... უკეთესი იქნება, ამაზე მეტი არ ვილაპარაკო."

ქართველ ფეხბურთელს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 7 გოლი და 3 ასისტი დაუგროვდა. რაც შეეხება მეცს, ლასლო ბოლონის გუნდი 23 ქულით მე-17 ადგილზეა და შემდეგ ტურში ლანსს უმასპინძლებს.

სრულად წაკითხვა