UEFA: საქართველოს გამარჯვება წლების მანძილზე განვითარების შედეგია

4 weeks ago 24
  • ევროპული ფეხბურთელის მმართველი ორგანიზაცია საქართველოს წარმატებას გამოეხმაურა
  • UEFA აღნიშნავს, რომ ჩვენი გუნდის ეს შედეგი მრავალწლიანი პროცესის დამსახურებაა

საქართველო ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. ვილი სანიოლის გუნდმა ფინალში საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა და ევრო 2024-ის საგზურიც მოიპოვა.

ამ ამბავს UEFA-ს ოფიციალური გვერდიც გამოეხმაურა და ქართული ფეხბურთის განვითარებას ვრცელი სტატია მიუძღვნა. 

"ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ, საქართველომ ისტორია დაწერა და დიდ საფეხბურთო ტურნირზე პირველად მოხვდა. ეს არის ბოლო ეტაპი ქართული ფეხბურთის გზის, რომელიც თამაშის განვითარების სტრატეგიითა და უეფას მხარდაჭერით ძლიერდება.

თბილისში, მოედანზე აღნიშვნის სცენები, რომელშიც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები და ათასობით გულშემატკივრები ერთად არიან, ასახავს ამ მიღწევის სიდიადეს. ნიკა კვეკვესკირის გადამწყვეტმა პენალტმა საქართველოს საბერძნეთთან თერთმეტმეტრიანების სერიაში 4:2 გაამარჯვებინა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის F ჯგუფის საგზური მოაპოვებინა, რომელშიც ჩეხეთთან, პორტუგალიასთან და თურქეთთან ერთად იქნება.

ზოგიერთისთვის მათი მონაწილეობა ევრო 2024-ზე სიურპრიზია. თუმცა, ისინი, ვინც ქართულ ფეხბურთს თვალს ადევნებენ, აღნიშნავენ, რომ დიდ ტურნირზე დიდი ხნის წინ უნდა გასულიყვნენ.

ევრო 2024-ზე კვალიფიკაცია ამბიციური საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ წლების განმავლობაში ფეხბურთის განვითარების, დაგეგმარებისა და ინოვაციის კულმინაციაა, რომელიც პარალელურად, მაქსიმალური გავლენის მიზნით, უეფას სხვადასხვა დახმარებას იყენებდა.

ერთა ლიგა წარმატების პლატფორმაა

საქართველო ევრო 2024-ის საგზურისთვის ბრძოლაში უეფას ერთა ლიგაზე თამაშის შემდეგ აღმოჩნდა. მათ ჯგუფი მოიგეს, მაგრამ ეს ამ ტურნირის ერთადერთი დამსახურება არ არის.

წარმატებას წარმატება მოჰყვება, კონკურენტული მატჩების სერიამ და ერთა ლიგაზე ორჯერ დაწინაურებამ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ნაკრების განვითარებას.

2024/25 სეზონში საქართველოს შესაძლებლობა ექნება თავი უფრო მაღალი დონის მეტოქეების წინააღმდეგ რეგულარულად გამოსცადოს, რადგან B დივიზიონში დაწინაურდა. ერთა ლიგის წარდგენამდე, ასეთი შეხვედრების რეგულარულად გამართვა რთული იყო, განსაკუთრებით ევროპის ბევრი პატარა საფეხბურთო ქვეყნისათვის.

დიდი ტურნირების მასპინძლობის უპირატესობები

ეროვნული ნაკრების წარმატებას წინ უძღოდა შესამჩნევი მიღწევები ასაკობრივ დონეზე. სფფ-მ დიდი ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობა გამოიყენა.

2017 წელს საქართველომ ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატს უმასპინძლა და ჯგუფის ბოლო მატჩს 25 000 გულშემატკივარი დაესწრო. 2023 წელს საქართველო რუმინეთთან ერთად ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის თანამასპინძელი იყო და ქვეყანაში ფეხბურთის მიმართ მზარდი ინტერესი რეკორდულ დასწრებაში აისახა - 316 023, თან ტურნირის ისტორიაში გულშემატკივრების ყველაზე მეტი რაოდენობა სწორედ საქართველოს მატჩებში დაფიქსირდა.

საქართველო პლეი ოფშიც ისტორიაში პირველად გავიდა და პირველი ადგილი ისეთ ჯგუფში დაიკავა, რომელშიც ბელგია, ნიდერლანდები და პორტუგალია იყვნენ. ამას ემატება ისიც, რომ 2019/20 სეზონში საქართველოს 17-წლამდე და 19-წლამდე ნაკრებები უეფას ასაკობრივი ტურნირების ელიტ რაუნდში პირველად გავიდნენ და ქართული ფეხბურთის პროგრესიც ნათელი ხდება.

ქართული ფეხბურთის სტრატეგიული განვითარება

ელიტურ დონეზე მოთამაშეთა რაოდენობის გასაზრდელად, საქართველოში ფეხბურთის თამაშის პოპულარობის ზრდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში სფფ-ს მთავარი მიზანი იყო. 2015-დან 2021 წლამდე რეგისტრირებული მამაკაცი ფეხბურთელების რაოდენობა საქართველოში 14 676-დან 37 600-მდე გაიზარდა, ქალი მოთამაშეების რაოდენობა კი ათჯერ გაიზარდა.

ეს განვითარება ნაწილობრივ UEFA Grow პროგრამის ხანგრძლივი მხარდაჭერის დამსახურებაა, რომელიც ასოციაციებს საკუთარი სტრატეგიული პრიორიტეტებით პროექტის ხელმძღვანელობისთვის საჭირო აუცილებელ ცოდნასა და გამოცდილებას სთავაზობს. UEFA Grow-სთან ერთად, UEFA HatTrick-ის დაფინანსებამაც  წვლილი შეიტანა სფფ-ს ბოლო ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ამაში შედის დიდი სტადიონების განახლება და მთელი ქვეყნის მასშტაბით მრავალი სავარჯიშო ცენტრის გახსნა. HatTrick-ის დაფინანსების დამსახურება იყო ისიც, რომ 2014 წელს საქართველომ შეძლო ახალი ეროვნული საფეხბურთო აკადემიის დაარსება", - წერს UEFA.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 18 ივნისს, დორტმუნდში "ვესტფალენშტადიონზე" თურქეთს დაუპირისპირდება, 22 ივნისს ჰამბურგის "ფოლკსპარკშტადიონზესანიოლის გუნდი ჩეხეთს შეხვდება, 26 ივნისს კი, გელზენკირხენში, "არენა აუფ შალკეზე", ჯგუფის ფავორიტ პორტუგალიას.

სრულად წაკითხვა