ოთარ კაკაბაძე: პენალტებში ყველაფერი მომზადებული იყო, სიაში მე-6 ვიყავი

4 weeks ago 33

26 მარტს “დინამო არენაზე“ შეკრებილმა გულშემატკივარმა დაუვიწყარი ემოციები მიიღო. საბერძნეთის დამარცხებით ვილი სანიოლის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა და ამ ისტორიული გამარჯვებით ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ჩვენი დროის გმირებად იქცნენ.

"ევროპოპი" ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის მონაწილეს, ეროვნული ნაკრების მცველს, ოთარ კაკაბაძეს ემოციებზე, გულშემატკივარზე და თერთმეტმეტრიანების სერიაზე ესაუბრა:

ოთარ კაკაბაძე (ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი):

...გამარჯვების ემოციებზე: "პირველ რიგში, გილოცავთ, ეს იყო საქართველოს გამარჯვება და მინდა ყველას მივულოცო. ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა მთლიანად ქვეყნისთვის, ფეხბურთისთვის და ხალხისთვის. უბედნიერესი ადამიანი ვარ, ასეთი ბედნიერი ქართველი ერი მე ჯერ არ მინახავს. ბედნიერი ვარ იმით, რომ მეც ამ მნიშვნელოვანი ამბის ნაწილი ვარ. სავსე დინამო არენაზე ბევრჯერ მითამაშია, მაგრამ საბერძნეთთან ისეთი გარემო იყო, ისეთი ოვაციები, შეძახილები - გულშემატკივარი და ფეხბურთელები შეკრული გუნდივით ვიყავით. საბედნიეროდ, ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დამთავრდა".

...პენალტების სერიაზე: "თერთმეტმეტრიანის დარტყმა თუ მომიწევდა, სიაში მე-6 ვიყავი. ისე უნდა მომხდარიყო, რომ არცერთს არ გაეფუჭებინა პენალტი და შემდეგ მე მომიწევდა დარტყმა. პენალტების სერიისთვის მზად ვიყავით, თამაშის წინ ვარჯიშზე დავარტყით, ზოგმა კარგად შეასრულა, ზოგმა ცუდად. ყველაფერი მომზადებული და დამუშავებული იყო".

...მთავარ არბიტრზე: "მარჩინიაკი უმაღლესი დონის მსაჯია. პოლონეთში ჩემი გუნდის რამდენიმე თამაში იმსაჯა და ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. მატჩის დაწყებამდე მივესალმე, წარმატებები ვუსურვე. თამაშის მსვლელობის დროს რამდენიმე რჩევა მომცა ყვითელ ბარათებთან დაკავშირებით".

...გასახდელის ემოციებზე: "გასახდელში განსაკუთრებული ემოცია ჯაბა კანკავას ჰქონდა, უბედნიერესი იყო. ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტია. მე ასეთი ბედნიერი ჯაბა არ მინახავს. რა თქმა უნდა, ყველა ბედნიერი იყო, ყველა განსხვავებულად გამოხატავს ემოციებს და ერთ-ერთი მათგანი იყო ჯაბაც".

...ლორიას შემოსვლაზე: "როგორც წესი, თერთმეტმეტრიანების სერიის წინ მეკარეებს არ ცვლიან და ენდობიან. იმ შემთხვევაშიც, თუ ლორიას არ გააძევებდნენ, ალბათ, მაინც მამარდა დადგებოდა კარში".

...ჩვენი ჯგუფი ევროპის ჩემპიონატზე: "თავდაპირველად ჩვენი მომავალი ჯგუფი ვნახე, თუმცა აქამდე საერთოდ არ მახსოვდა მეტოქეები. ახლა ეს ყველაფერი უკვე რეალობად ვაქციეთ. რა თქმა უნდა, ყველა გუნდის თამაშს ვნახავთ, გავივლით, მოვემზადებით და ისე ჩავალთ გერმანიაში".

ვილი სანიოლის ნაკრებმა ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა საბერძნეთის ნაკრები და გერმანიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ეროვნულმა გუნდმა ისტორიაში პირველად ითამაშა 120 წუთი, შემდეგ კი პენალტების სერიაში აჯობა მეტოქეს და მისთვის სადებიუტო, ისე კი მე-17 ევროპირველობაზე ითამაშებს, რომელიც 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება გერმანიაში. 

სრულად წაკითხვა